„ბასიანი“ კლუბში ახალგაზრდის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

კლუბი „ბასიანი“ განცხადებას ავრცელებს და 27 იანვარს მათ სივრცეში ახალგაზრდის გარდაცვალების დეტალებს ასაჯაროებს.
განცხადების ავტორების თქმით, ახალგაზრდა კლუბს 27 იანვარს, 07:30 საათზე ეწვია და ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით შეუძლოდ 10:40 სათზე გახდა, რის შემდეგაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან გაეწია პირველადი დახმარება. „ბასიანის“ ინგორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ მათი სტუმარი დაახლოებით 10-12 წუთში გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლუბში აცხადებენ, რომ ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობენ. ამავდროულად, „ბასიანში“ ამბობენ, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს გასულ პარასკევს, 2 ტებერვალს ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებისგან კლუბში კიდევ ერთი სტუმარი დაიღუპა
„აღნიშნული არ შესაბამება სიმართლეს, არის სიცრუე, და მისი გავრცელება სასიკეთო მიზნებს არ ემსახურება. მოვუწოდებთ მადისკრედიტირებელი კამპანიის ავტორებს, შეწყვიტონ ტრაგედიით ურცხვად მანიპულირება. ჩვენ ერთხელ უკვე გვახსოვს ასეთი კამპანიის შედეგები 2018 წლის 12 მაისს, რომელიც შეიარაღებული სპეცრაზმის მიერ თბილისის კლუბებში შეჭრით, რეიდითა და სასტიკი დარბევით დასრულდა“ — აცხადებენ კლუბში.
„ბასიანის“ განცხადებით, სწორედ უსაფრთხო სივრცის შექმნის იდეა იყო კკლუბის მთავარი მიზანი მისი დაფუძნების დღიდან და კლუბს დიდი რესურსი და შრომა აქვს გაწეული ამ მიზნის სრულყოფისთვის:
„საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ადგილობრივი სცენის სპეციფიკის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კლუბი მეთოდურად ნერგავს დისკრიმინაციისგან თავისუფალი სივრცის შექმნის პრაქტიკებს. ყოველ საკლუბო ღამეს სტუმრების სიმშვიდეზე ზრუნავს უსაფრთხოებისა და ცნობიერების ამაღლების გუნდის 50-ზე მეტი წევრი, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების და სხვა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, მონაწილეობენ უსაფრთხო და ჯანსაღი საკლუბო გამოცდილების საერთაშორისო პროგრამებში, რაც სარისკო ქცევის მომატების და განსაკუთრებით ხალხმრავალი საკლუბო ღამეების დროს პრევენციულ ღონისძიებებს ითვალისწინებს“ — აცხადებენ ორგანიზაციაში.
„ბასიანის“ განცხადებით, შემუშავებული აქვთ გრძელვადიან ხედვებზე დაფუძნებული შიდა წესებისა და უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სრულად ვრცელდება მუსიკალურ პროგრამაზე, სტუმართა გამოცდილებაზე, კარის პოლიტიკასა და შიდა სტრუქტურებზე და ხელმისაწვდომია საჯაროდ, კლუბის ვებპლატფორმის საშუალებით:
„ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი და პასუხისმგებლობიანი მცდელობების მიუხედავად, რისკებისგან დაზღვეული არავინაა, არცერთ საჯარო თუ კერძო სივრცეში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან გადადგმული პრევენციული ნაბიჯების გარდა მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა და აქტიურობა. როგორც აქამდე, არაერთხელ, ახლაც, ვთხოვთ არამხოლოდ კლუბის სტუმრებს, არამედ ყველას, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით გაეცნოთ ზიანის შემცირებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის წესებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთო კეთილდღეობისთვის“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადების ავტორების თქმით, რეალობის გათვალისწინებით, აკეთებენ მაქსიმუმს, რაც მათ ხელთ არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი ცოდნისა და რესურსების პირობებშია შესაძლებელი. თუმცა, აღნიშნავენ, რომკლუბი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც სცდება მათი მოქმედების არეალს:
„ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობის დაცვისა და გაფრთხილების რესურსები და შესაძლებლობები შეზღუდულია და რადიკალური პრევენციული ზომების მიღება – შეუძლებელი, ის არათუ პრობლემის გადაჭრისკენაა მომართული, არამედ თავად ხდება პრობლემის, ზოგჯერ კი საუბედუროდ ტრაგედიების გამომწვევი მიზეზი.
საკლუბო კულტურის მიზანმიმართული დემონიზირებისა და დისკრედიტაციის ნაცვლად, შედეგის მომცემი იქნება, პასუხისმგებლობა შევახსენოთ სახელმწიფოს, ვის ხელშიცაა სისტემური ცვლილების მთავარი ბერკეტი ზიანის შემცირებასა და ზრუნვაზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესამუშავებლად. ეს არის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც, საზოგადოების თითოეული წევრი, კულტურული და საჯარო, კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები, ცოდნის მიღებით, გაზიარებით და ურთიერთდახმარებით უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ყველგან“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
„ბასიანი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

ასევე დაგაინტერესებთ