ბანკის დაყაჩაღების საქმეზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “ს” ფილიალის დაყაჩაღებისთვის დაკავებულ ანრი ლოლუას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით (ყაჩაღობა) წარუდგინა. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანრი ლოლუა ბრალს აღიარებს. მას ადვოკატი არ ჰყავს. თუმცა, რადგან საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, მის ინტერესებს, სავარაუდოდ, სახაზინო ადვოკატი დაიცავს. სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ დანით შეიარაღებული ახალგაზრდა კაცი “საქართველოს ბანკის” ფილიალში 26 იანვარს შეიჭრა. მუქარით ის თანხას ითხოვდა და 900 ევროს წაღება მოახერხა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა. გატაცებული თანხაც და დანაც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.