ბადრი ჯაფარიძე – არაფერს გამოვრიცხავ, ამომრჩეველთან ერთად განვსაზღვრავთ, როგორი კონფიგურაციით გავალთ არჩევნებზე – რაც შეეხება ბარიერს, 5%-იანი ბარიერი „ქართული ოცნების“ დამარცხების რეცეპტი იქნება

გაძლევთ პირობას, რომ „ლელოს“ ჩვენი ამომრჩევლისადმი ისეთი შეთავაზება ექნება, რომ 5%-იანი ბარიერი პირიქით, „ქართული ოცნების“ დამარცხების რეცეპტი იქნება – რაოდენობრივად შეიძლება, [პარლამენტში] ნაკლები პარტია იყოს, მაგრამ მთლიანობაში, ოპოზიციას ექნება უმრავლესობა და იქნება კოალიციური მმართველობა , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნების გაყალბების რაც მეტი მცდელობა ექნება, საზოგადოების მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ აგრესია მით უფრო მეტი იქნება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ გაცილებით მეტი ამომრჩეველი ხმას აძლევს ოპოზიციას. რომელ ოპოზიციურ კონფიგურაციას აძლევს ხმას, ამას არჩევნები გვიჩვენებს. ნაკლები პარტია შეიძლება იყოს წარმოდგენილი, მაგრამ მთლიანობაში, ოპოზიციური პარტიები იქნებიან უმრავლესობაში. ჩემი აზრით, მიუხედავად, „ქართული ოცნების“ პანიკური შიშისა, აუცილებლად მოხდება. ერთხელ და სამუდამოდ „ქართლმა ოცნებამ“ უნდა გაითავისოს, რომ მათ მშვიდობიანად უნდა დათმოს ხელისუფლება და ქართველი ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს. „ქართულ ოცნებას“ [არჩევნების გაყალბების] ყველა ეს ხრიკი და მცდელობა არ უშველის. ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს ქართველ ხალხს, უბრალოდ, რაც უფრო მეტად იქნება ასეთი გაყალბების მცდელობები, მით უფრო მეტი იქნება საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ აგრესია,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება 5%-იან ბარიერს – როგორც „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, ეს „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის შეფერხება არ იქნება.
„მე არ მიმაჩნია, რომ ეს საგანგაშოა. ეს მოგვანდეთ ჩვენ პოლიტიკოსებს, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად მსჯელობის გზით, რომ ეს ბარიერი არ იქნება შეფერხება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად დამარცხდეს. რა თქმა უნდა, მათი გათვლა არის ის, რომ ეს ბარიერი ხელს შეუშლის ქართველ ამომრჩევლებს და მათი ხმები დაიკარგება, მაგრამ მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ ისეთი კონფიგურაციით მივიღებთ მონაწილეობას [არჩევნებში] და ისეთი შეთავაზება იქნება ჩვენი ამომრჩევლისადმი, რომელიც იქნება დაფუძნებული მათ სურვილზე და 5%-იანი ბარიერი პირიქით, „ქართული ოცნებისთვის“ მათი დამარცხების რეცეპტი იქნება“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
კითხვაზე, აღნიშნულ განცხადებაში „ლელოს“ გამსხვილების შესაძლებლობა იგულისხმება თუ არა, ჯაფარიძე განაცხადა, როდესაც დაიწყება უშუალოდ სარჩევნო კამპანია, „ლელო“ მასში ისეთი შეთავაზებით მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ამომრჩევლების საუკეთესო ინტერესებში იქნება.
„ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს საზოგადოების წარმომადგენლებთან. კვირას არის თბილისის პარტიული ორგანიზაციის დაფუძნების კონფერენცია, წლის ბოლომდე გაიმართება „ლელოს“ ეროვნული ყრილობა, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვაქვს დაგეგმილი და ეს ყველაფერი ემსახურება სწორედ იმას, რომ უკვე ახალი წლიდან ჩვენ შევიდეთ პრაქტიკულად წინასაარჩევნო ფაზაში მომზადებულები ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად. ამასობაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, პარტნიორებთან მსჯელობა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შესაძლო გაერთიანების საკითხზე ჯაფარიძე ასე პასუხობს: „ჩვენ ამომრჩევლებს მაშინ ეცოდინება ზუსტი კონფიგურაცია, როდესაც ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად განვსაზღვრავთ როგორი უნდა იყოს კონფიგურაცია და დაიწება წინასაარჩევნო ფაზა“.
წამყვანის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გაერთიანების შესაძლებლობას ჯაფარიძემ აღნიშნა: „ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ, ჩვენი კარი არის ღიაა“.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, „ლელო“ სწორედ იმაზე მსჯელობს, თუ რა პროგრამა შესთავაზოს საზოგადოებას, როდესაც საარჩევნო კამპანია დაიწყება.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, ერთ-ერთი საკითხი ოკუპაციას შეეხება.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ რუსული ოკუპაციის გაფართოებას ხელს უწყობს და „ამას წინ უნდა აღვუდგეთ, სწორედ იმით, რომ საზოგადოებას გამოსავალი შევთავაზოთ, რაც რუსული ოკუპაციის გაფართოებას შეაჩერებს“.
„ქართული ოცნების“ პრორუსული პოლიტიკის შედეგია, რომ ოჩამჩირეში ს ფედერაცია სამხედრო-საზღვაო ნავსადგურის მშენებლობას იწყებს, რითაც პრაქტიკულად საფრთხეს უქმნის საქართველოს. ამას მოყვა თამაზ გინტურის ვერაგული მკვლელობა. ესეც „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს, ოკუპანტები ჩვენს მიწაზე ასე ლაღად გრძნობენ თავს. პლუს, ახლა ახალი საგუშაგოების გახსნაზეა საუბარი. აი, ეს საფრთხეები რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩვენს ქვეყანას უქმნის, იმით რომ ისეთ პოლიტიკას აწარმოებს, რომელიც ოკუპაციას ახალისებს, უნდა მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას „ქართულ ოცნების“ შემდგომ არჩევნებზე დამარცხების გზით“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”