აუდიტი – განათლების სამინისტროს შეფასებული არ აქვს სკოლების მდგომარეობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ზოგადი განათლების მართვის მოდელის ეფექტიანობის ანგარიშში, რომელიც შეეხება იმას, თუ რამდენად უზრუნველყოფს განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვის მოდელი სკოლების ეფექტურ მმართველობას.
აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „სკოლების არსებული მდგომარეობის ანალიზი არ ჩატარებულა“, რის საფუძველზეც მოხდებოდა „საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირება“ და „ხელს შეუწყობდა განხილულიყო ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობა“.
აუდიტი ეხება საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობასაც, რომელთა ფუნქციაც სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მონიტორინგის განხორციელებაა, თუმცა „მონიტორინგის ჩატარების პერიოდულობა და სკოლების დაფარვის სიხშირე არ არის განსაზღვრული“.
არ არის დამტკიცებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთგვაროვანი ფორმა. ამასთან, სხვადასხვა რესურსცენტრში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა იდენტურია, მიუხედავად იმისა, რამდენი სკოლისა და მოსწავლის მონიტორინგს ახორციელებენ ისინი, „რაც ქმნის ფუნქციების არასათანადოდ განხორციელების რისკებს“, – წერია დასკვნაში.
„იკვეთება შემთხვევა, როდესაც ერთი რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობა 7-ჯერ აღემატება, მეორე რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობას”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტი წერს, რომ სამეურვეო საბჭოს როლი სკოლის მართვაში ძირითადად „ფორმალურ ხასიათს ატარებს”.
სამინისტროს არ ჩაუტარებია საბჭოს საქმიანობის კვლევა და ეფექტიანობის შეფასება. არ არის შესწავლილი საბჭოს წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები.
რაც შეეხება ვაუჩერული დაფინანსების მოდელს, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ იგი ვერ პასუხობს სკოლებისა და მოსწავლეების საჭიროებებს და „იზრდება ფინანსური რესურსის არაეფექტიანად განკარგვის რისკები“.
ვაუჩერი გამოითვლება ასე: ერთ მოსწავლეზე გათვლილი − 300 ლარი გამრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე. ვაუჩერის ღირებულება განსხვავებულია კლასების მიხედვით, რომლის შესაბამისად, ვაუჩერული დაფინანსება მერყეობს 300 ლარიდან 852 ლარამდე.
ვაუჩერული დაფინანსების ზრდა ძირითადად დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობაზე, სკოლის გეოგრაფიულ მდებარეობასა და სექტორზე (ქართულენოვანი, არაქართულენოვანი). განსხვავებულია ასევე ვაუჩერის ოდენობა როგორც I-VIII, ისე − IX-XII კლასელებისთვის. დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლამ შეიძლება მიიღოს გაზრდილი ვაუჩერი: არაქართულენოვანი სკოლისთვის/სექტორისთვის; ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობისთვის; სოფელში/მაღალმთიან რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებისთვის. კერძო სკოლების შემთხვევაში, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვრება ფიქსირებული 300 ლარით.
არაქართულენოვანი სექტორის სკოლების გამოწვევების საპასუხოდ, სამინისტროს გათვალისწინებული აქვს გაზრდილი ვაუჩერული დაფინანსება, წერია აუდიტის დასკვნაში, „თუმცა ეფექტიანი ღონისძიებების გასატარებლად, მნიშვნელოვანია არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება და დამატებითი მექანიზმების დანერგვა პროცესის მონიტორინგის მიზნით“.
“კერძო სკოლების დაფინანსება ეფუძნება მხოლოდ რაოდენობრივ კრიტერიუმს და არ ითვალისწინებს სკოლების ფინანსურ მდგომარეობასა და საჭიროებებს, რაც ქმნის რესურსის არაეფექტიანად და არაპროდუქტიულად განკარგვის რისკებს“, – წერია დასკვნაში.
ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაციებიც:
· სამინისტრომ შესაბამის მხარეებთან კოორდინაციითა და რელევანტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით უზრუნველყოს სკოლების მზაობის შეფასება. სკოლებისთვის განიხილოს დივერსიფიცირებული მიდგომა.
· შემუშავდეს და დამტკიცდეს რესურსცენტრების მიერ წარმოსადგენი სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა.
· მონიტორინგის მოქმედი ფორმ(ებ)ის მიხედვით განისაზღვროს სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი მონიტორინგის პროცედურების ოპტიმალური რაოდენობა და სკოლების დაფარვის სიხშირე.
· სამეურვეო საბჭოს როლის გაძლიერების მიზნით, სამინისტრომ შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება, საჭიროებების კვლევა, მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
· სახელმწიფო სახსრების ეფექტიანად და პროდუქტიულად ხარჯვის მიზნით, მიზანშეწონილია არსებული დაფინანსების მოდელის გადახედვა. შეფასდეს სკოლების წინაშე (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლები) არსებული გამოწვევები, მოსწავლეების საჭიროებები და დაფინანსების ფარგლებში მისაღწევი შედეგები.
· დაფინანსების ყველა ეტაპზე მკაფიოდ გაიწეროს შესაბამისი მიზანი. შეფასდეს კერძო სკოლების დაფინანსების მექანიზმის ოპტიმალურობა და არსებული კრიტერიუმების ეფექტიანობა საჭიროებებისა და მისაღწევი მიზნების გათვალისწინებით.
· საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების ფარგლებში დაინერგოს კერძო სკოლების ანგარიშვალდებულების სისტემა.
Quiz: უპასუხებდი PISA-ს კვლევის კითხვებს?
დაიწყე ვიქტორინა
აუდიტი წერს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან
2019 წელს გახარჯულია 710.365.200 ლარი;
2020 წელს − 794.996.800 ლარი;
2021 წელს − 882.039.000 ლარი.
“მზარდი დაფინანსების მიუხედავად, არსებული გამოწვევები აფერხებს მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას” და მათი შედეგები ზოგადი განათლების პრობლემად რჩება:
ქართველი მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადი განათლების საფეხურს ასრულებს მინიმალური საბაზო კომპეტენციებით.
· საერთაშორისო შედარებითი კვლევები: მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS-ი), წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS-ი) და მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA), აგრეთვე სახელმწიფო შეფასებები მათემატიკასა (2016 წელი; 2018 წელი) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (2018 წელი) აჩვენებენ, რომ საქართველოში სკოლის მოსწავლეები სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნების თანატოლებთან შედარებით, უფრო დაბალ ქულებს იღებენ და სამივე მიმართულებით მიღწევების უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვთ;
· მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2018 წლის შედეგების მიხედვით, 78 მონაწილე ქვეყანას შორის, საქართველოში 15 წლის მოზარდებმა მათემატიკაში − 67-ე, კითხვაში − 71-ე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 74-ე ადგილი დაიკავეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში გახარჯულმა ფინანსურმა რესურსმა 2021 წელს 1.136.698,400 ლარი შეადგინა. ცალკეული პროგრამის ეფექტიანად განხორციელება შეუძლებელია სისტემის მართვის სათანადო მოდელისა და დამატებითი მექანიზმების გარეშე.
აუდიტი შეეხებოდა 2019-2021 წლებს.