აუდიტის სამსახური ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 6 რეკომენდაციით მიმართავს

აუდიტის სამსახური ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 6 რეკომენდაციით მიმართავს.
რეკომენდაციები უკავშირდება დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამას, სათანადო კომპეტენციის ექიმი-სპეციალისტების უზრუნველყოფის საკითხს, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ეფექტიანი ფორმირების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს, საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით სანდო და სრული ინფორმაციის შეგროვების მექანიზმებსა და ეფექტიან კოორდინაციას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს შორის.
კერძოდ, აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული ექიმ-სპეციალისტების დეფიციტის თანმიმდევრულად და ეფექტიანად აღმოფხვრის მიზნით შემუშავდეს: პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის კრიტერიუმი;დეფიციტური სპეციალობების განსაზღვრისა და აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები; პროგრამის შესრულების შეფასების გაზომვადი და შედეგზე ორიენტირებული, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი ინდიკატორები;
პროგრამის შესრულების კონტროლისა და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმები.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების აკრედიტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის ეფექტიანი ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმი − სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმები და მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია.
აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი რეკომენდაციაა ქვეყანაში სათანადო კომპეტენციის ექიმი-სპეციალისტების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდეს კარგ პრაქტიკაზე დაფუძნებული: დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატის მოპოვების მექანიზმი, რომელიც შეაფასებს გამოსაცდელის ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს; სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტების შექმნის, განახლებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმი.
უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ეფექტიანი ფორმირებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების მიზნით, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა: დაინერგოს სავალდებულო უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) მექანიზმები თითოეული სპეციალობის მიხედვით, პროფესიულად აქტიური სამედიცინო პერსონალის გათვალისწინებით; შემუშავდეს სამედიცინო პერსონალის მიერ სავალდებულო უსგ-ის პროგრამის კრედიტქულების დაგროვების ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმები;შემუშავდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული პროგრამების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი.
კიდევ ერთი რეკომენდაცია ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით სანდო და სრული ინფორმაციის შეგროვების მექანიზმების შემუშავებას ეხება. კეროდ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა არსებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და კვალიფიკაციის შესახებ მონაცემების წარმოება და გონივრულ ვადაში განახლება; განათლების ყველა საფეხურის მიხედვით, პოტენციური სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და კომპეტენციის შესახებ მონაცემების მოპოვება; განათლების სამინისტრომ უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის მის სისტემაში არსებული პოტენციური სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და კომპეტენციის შესახებ არსებული ინფორმაციის დროული მიწოდება.
აუდიტის სამსახურის ბოლო რეკომენდაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კოორდინაციას ეხება. კერძოდ, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში სათანადო კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროებმა შეიმუშაონ დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების საკითხებთან დაკავშირებით ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმი, რომელიც მოიცავს:მისაღწევი შედეგების მიხედვით ანგარიშვალდებულების განსაზღვრას; მოცემული მიმართულებით თავსებადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებას;შედეგების მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმის განსაზღვრას.