“არასწორი გზა არის არჩეული”- რა რისკებს შეიცავს არქიტექტორების სერტიფიცირების ახალი წესი?

საქართველოს მთავრობამ არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების პროცესი მესამედ, ამჯერად 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადაავადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები დამოწმებული უნდა იყოს სერტიფიცირებული არქიტექტორის/ინჟინერ-მშენებლის მიერ და ამ პროექტებზე ექსპერტიზა უნდა განახორციელოს სერტიფიცირებულმა ექსპერტმა, ხოლო მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტები მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა შეამოწმონ სერტიფიცირებულმა სპეციალისტებმა.
“ახალი წესით განისაზღვრება კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები – პროექტის დამმოწმებელი არქიტექტორის/კონსტრუქტორის კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ბაკალავრის დიპლომი და შესაბამისი სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება (მათ შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტი პრაქტიკა), ხოლო არქიტექტურული/კონსტრუქციული პროექტის ექსპერტის კანდიდატს, რომელსაც მეტი გამოცდილება და კვალიფიკაცია ესაჭიროება – მაგისტრის დიპლომი და 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება. სერტიფიკატის მოქმედების ვადა იქნება 5 წელი. დადგენილების მოქმედება არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და V კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) ობიექტებზე. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სხვადასხვა პროფესიულ ასოციაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამშენებლო კომპანიებთან გამართული სამუშაო შეხვედრების პროცესში გამოხატული შენიშვნები და მოსაზრებები”-განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.
არქიტექტორთა კავშირში, სერტიფიცირების წესის შემოღებას დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ პროექტში ხარვეზებია. კავშირის თავმჯდომარის თქმით, გავლენას არსებული რედაქცია პირველ რიგში განათლების ხარისხზე იქონიებს, რადგან სერტიფიკატის მიღებას ბაკალავრის ხარისხის მფლობელიც შეძლებს და მაგისტრის ხარისხი საჭირო აღარ იქნება.
“არქიტექტორთა და ინჟინერთა პროცესი, რომელიც განისაზღვრა არის დადებითი მხარე. ამის შემდეგ უნდა განსაზღვრულიყო სერტიფიცირების რეგულაციები, ბუნებრივია, როგორც კოდექსში, ისე შემდეგ ეტაპზე ჩვენ სულ თანაავტორობის პოზიციაში ვიყავით, იმიტომ რომ ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლისთვისაც მხარი უნდა დაგვეჭირა კოდექსში იყო არქიტექტორთა სერტიფიცირება, მაგრამ მისი შინაარსი და მიდგომა არ შეიცვალა.
ვფიქრობ, ამ რედაქციით შენარჩუნება ბევრ სახიფათო მომენტებს შეიცავს. ეს ხელს არ შეუწყობს არქიტექტორთა განათლებას, რადგან სერტიფიკატის მიღების წინაპირობა ჩამოწეულია ბაკალავრის დონეზე, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ ბაკალავრმაც მიიღოს სერტიფიკატი, მაგრამ გარდამავალ დებულებას უნდა განესაზღვრა, რა შემთხვევაში იღებს ბაკალავრი სერტიფიკატს და რა შემთხვევაში მაგისტრი”, – ამბობს დავით აბულაძე.
არქიტექტორებისა და ინჟინერ – მშენებლების სერტიფიცირებას განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო ან ორგანოები. დადგენილების მიხედვით, აკრედიტებული ორგანოების უფლებამოსილება იქნება სერტიფიკატის გაცემა კანდიდატზე, რომელიც წარმატებით გაივლის სასერტიფიკაციო გამოცდას. არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე ამბობს, რომ თავად წესის მიღება დადებითი სიგნალია, თუმცა არაერთ ბუნდოვან პუნქტს შეიცავს. მათ შორის სერტიფიცირების პროცესის კერძო პირებისთვის გადაცემა, რისკებს აჩენს.
“აქ არ ჩანს ერთიანი ეროვნული ორგანოს შექმნის პერსპექტივა. ამ წესით რამდენის სურვილიც იქნება, იმდენი ცენტრი შეიქმნება. ასეთი რამის თავისუფალ საბაზრო პირობებში მიშვება და კეთილსინდისიერების იმედზე ყოფნა დიდ რისკს შეიცავს. ასევე არ არის ამ დებულებით განსაზღვრული სერტიფიკატის შეჩერების, გაუქმების, ჩამოშვების, რა შემთხვევაში სცდება არქიტექტორის მოღვაწეობა ეთიკურ ასპექტებს და რა შემთხვევაში დგება მისი სისხლის სამართლის დევნის პასუხისმგებლობა”, – აცხადებს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე.
დადგენილების მიხედვით, აკრედიტებული სერტიფიციფიკაციის ორგანო განსაზღვრავს სერტიფიკატის შეჩერების, აღდგენის და რესერტიფიკაციის ვადებსაც. ამასთან, სწორედ ის არის უფლებამოსილი არქიტექტორს შეუჩეროს სერტიფიკატის მოქმედებს, რომელსაც კონკრეტული წინაპირობები აქვს.
როგორც სამშენებლო სამართლის ექსპერტი კობა ყალიჩავა ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან არქიტექტორთა სერტიფიცირების არჩეული მოდელი არ პასუხობს იმ მიზანს, რაც თავდაპირველად ამ ინიციატივას ჰქონდა. მისი თქმით, სერტიფიკატს უნდა გასცემდეს ერთიანი ეროვნული ორგანო, როგორც ეს სხვა პროფესიების შემთხვევაში ხდება. ყალიჩავა არსებულ მოდელში, კორუფციის რისკებსაც ხედავს და ამბობს, რომ კერძო სასერთიფიკატო ორგანოების გაკონტროლებას სახელმწიფო ვერ შეძლებს.
“არ მგონია, რომ ეს იყოს ლეგიტიმური ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ შეიძლება ამ პროფესიის შეზღუდვის უფლება მივცეთ. სწორი იქნებოდა როგორც ჩვენ გვაქვს პრაქტიკა პროფესიების სერტიფიცირების, ეს იყოს გაერთიანება, რომელიც თვითონ თანხმდება თამაშის წესებზე, ტესტებზე, რესერტიფიცირებაზე, აქვს ტრენინგ ცენტრები. აქვს ეთიკის ნაწილი, რა შემთხვევაშიც ხდება სერტიფიკატის ჩამორთმევა. ჩვენ გვეყოლება რამდენიმე კერძო სუბიექტი, რამდენიმე განსხვავებული წესით და დიფერენცირებული მიდგომით მოვახდენთ სერტიფიცირებას.
ეს მოდელი ცალსახად პროფესიული კავშირების მოდელს ვერ ჩაანაცვლებს, არასწორი გზა არის არჩეული. ქართული და საერთაშორისო გამოცდილება გულისხმობს პროფესიული ორგანოს შექმნას, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას. ეს ნაწილი აკლია. შეიძლება კორუფციული რისკების იყოს და რამდენიმე კერძო სუბიექტის კონტროლი არ არის მარტივი. ზოგადად ზიანი და გაფუჭების გამოსწორება უფრო რთულია ვიდრე პრევენცია, რასაც ამ წესში ვერ ვხედავთ.”-ამბობს კობა ყალიჩავა.
არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება სამშენებლო კოდექსით არის გათვალისწინებული და ვალდებულება ჯერ 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. მოგვიანებით ეს ვადა 2024 წლის 1-ელ მარტამდე გადავადდა. ბოლო რედაქციით კი მისი ამოქმედება 2025 წლის 1-ელ დეკემბერს იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ