არასამთავრობოები გავრცელებულ აუდიოჩანაწეზე – ღირსების შემლახავია საჯარო მოხელეებზე ზეწოლა

20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებით ეხმაურება ტვ პირველის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელე აჭარიდან მასზე დაქვემდებარებულ თანამშრომლებს სთხოვს ხელისუფლების პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელებში. ამ ჩანაწერის ავთენტურობა, სადაც ტვ პირველის მტკიცებით, ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელის, ია ხალვაშის ხმა ისმის, დადგენილი არ არის, თუმცა ხალვაშის ფეისბუკზე მართლაც არაერთი პროპაგანდისტულ მასალას ნახავთ, რომელსაც საბავშვო ბაღებში დასაქმებულები აზიარებენ.
“ახლა რაც ჩავაგდე აქ, ეს ყველამ, აბსოლუტურად ყველამ, თქვენი ბაღების ყველა თანამშრომელმა უნდა გააზიაროთ ფეისბუქ გვერდზე…
ყველა თანამშრომელმა! მე მივადევნებ თვალყურს, დარაჯებზე და იმაზე არ მაქვს ლაპარაკი…
ვისაც აქვს სოციალური ქსელი ყველამ უნდა გადაამრავლოს და გადააზიაროს”, – ისმის ტვ პირველის შაბათის ეთერის გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.
“ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მიერ საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლას, რათა მათ პარტიული დავალებები შეასრულონ და, მათ შორის, ევროინტეგრაციის დამაზიანებელი დეზინფორმაცია გაავრცელონ, რაც შეურაცხყოფს საჯარო მოსამსახურეებს, ლახავს მათ ღირსებას და ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს.
დღეს, როდესაც საქართველო მნიშვნელოვან გზაგასაყარზე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, ხელისუფლება მათ სამსახურებრივი ვალდებულების ნაცვლად, პარტიული დავალებების შესრულებას აიძულებს. საჯარო სექტორში დასაქმებულებისგან ითხოვენ, იმოქმედონ საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ და სოციალურ ქსელებში ორგანიზებულად აზიარონ ,,ქართული ოცნების” მიერ შექმნილი, ანტიდასავლური გზავნილებით სავსე პროპაგანდისტული ვიზუალები” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. ორგანიზაციები საჯარო მოხელეებს მუუწოდებენ არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებას და თუკი ამის გამო პრობლემები შეექმნებათ, სთავაზობენ სამართლებრივ დახმარებას.
საჯარო მოხელეები კამპანიურად აზიარებენ ერთგვაროვან პროპაგანდისტულ ინფორმაციას აზიარებენ სოციალურ ქსელებში მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში განსახილველად დააბრუნა “რუსულ კანონად” წოდებული “კანონი აგენტების შესახებ”, რომელიც 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციების ფონზე გაიწვიეს. საჯარო მოხელეების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დიდ ნაწილს ფეისბუკი ყალბ ინფორმაციას ნიშნავს.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“. ამ კანონის პარალელურად საქართველოს პარლამენტი ასევე აპირებს მიიღოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ” ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით.

ასევე დაგაინტერესებთ