ანკარა ამბობს, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიის 26 მებრძოლი “გაანეიტრალა”

ორშაბათს თურქეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა 26 ქურთი მერბძოლი სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში „განეიტრალეს“. ეს თურქეთის პასუხი იყო შაბათ-კვირას თურქი ჯარისკაცების მკვლელობაზე. ხელისუფლებამ ასევე დააკავა ათობით პროქურთული ოპოზიციის აქტივისტი.
შაბათს, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 თურქი ჯარისკაცი ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ (PKK) ბრძოლის დროს დაიღუპა, საპასუხოდ ანკარამ რეგიონში საჰაერო დარტყმები და სამხედრო ოპერაციები განახორციელა.
ორშაბათს, ანკარამ განაცხადა, რომ რომ თავდაპირველმა მონაცემებმა აჩვენა, რომ სულ მცირე 26 მებრძოლი “განეიტრალდა” ამ დარტყმების შედეგად.
თავდაცვის მინისტრმა იასარ გიულერმა კვირას ასევე თქვა, რომ 30 PKK-ის მებრძოლი “განეიტრალდა” ჩრდილოეთ ერაყში, სადაც თურქეთი საზღვრის გასწვრივ სამხედრო რეიდებს ატარებს.
PKK რომელიც თურქეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ჯგუფად არის აღიარებული, თურქეთის სახელმწიფოს 1984 წლიდან უპირისპირდება. უკანასკნელ პერიოდში, დაჯგუფება მნიშვნელოვნად დასუსტდა და მისი ლიდერი აბდულა ოჯალანი, თურქეთის ციხეში იხდის სასჯელს. თურქული ძალები რეგულარულად ახორციელებენ თავდასხმებს მეზობელ ერაყში PKK-ის მებრძოლების წინააღმდეგ.
თურქეთის პოლიციამ ასევე დააკავა 52 ადამიანი ახალგაზრდულ ღონისძიებაზე, რომელიც ორგანიზებული იყო პროქურთული „ხალხთა თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიის“ (DEM) – ყოფილი HDP- მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია დიარბაკირში.
იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ „დანაშაულისა და კრიმინალის ქება-დიდება“ და „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის გავრცელება“.
საპასუხოდ, DEM-მა – პარლამენტში სიდიდით მესამე პარტიამ – დაგმო დაკავებები, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დაიწყო სოციალური მედიის 57 ანგარიშის შესწავლა, რომლებიც ბრალდებულნი არიან თურქეთის შეიარაღებული ძალების საწინააღმდეგო განცხადებების გამოქვეყნებაში და დასძინა, რომ ოპერაციის ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს.
„ისინი, ვინც ცდილობენ ჩვენს ხალხს შორის უთანხმოების დათესვას, ტერორის ქებას და ჩვენი ეროვნული და მორალური ფასეულობების შეურაცხყოფას, კანონის წინაშე პასუხს აგებენ“, – თქვა ერლიკაიამ X-ზე.
პრეზიდენტმა რეჯებ ტაეპ ერდოღანმა და მისმა მთავრობამ არაერთხელ დაადანაშაულეს პროქურთული ოპოზიციური პარტია PKK-თან კავშირში. ამის გამო, ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში პარტიის ათობით ოფიციალური პირი დააკავა. პარტია ბრალდებებს უარყოფს.