„ანაკლიის პორტი უნდა გადავიდეს კერძო სექტორის ხელში“ – ზურაბ მაღრაძე

შესაძლოა პირველ ეტაპზე სახელმწიფოს საკუთრებაში იყოს 51%, აქ ანომალია არაა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ანაკლიის პორტის საკუთრება უნდა გადავიდეს კერძო სექტორის ხელში, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორმა ზურაბ მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, მსხვილი ევროპული პორტების დაფუძნებასა და ოპერირებაში მონაწილეობს კერძო სექტორი და პორტის მართვა სახელმწიფოს საქმე არ არის.
„ჩვენ თუ ვიტყვით, რომ პორტს თუ ავაშენებთ, ის თავისთვის იმუშავებს, ეს ასე არ იქნება. პორტს ამუშავებს ეკონომიკა, მის უკან დგას საბაზრო წესები, როგორიცაა დამოუკიდებელი ბირჟები, დამოუკიდებელი ბანკები და ა.შ. ანუ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ინსტიტუტების მონაწილეობა ამ პროცესში არის მთავარი გარანტი, რომ ტვირთებმა იმოძრაოს. თავად სახელმწიფოსთან თუ განახორციელებს სახელშეკრულებო ურთიერთობებს ევროპის თავისუფალი ბაზრის სისტემა, ეს ვერ იქნება მომგებიანი. თუ ჩვენ ავიღებთ ევროპის პორტებს, იქ თავად პორტების დაფუძნებასა და ოპერირებაში მონაწილეობს კერძო სექტორი, უმსხვილესი კომპანიები. შესაბამისად, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არაა ბოლომდე გარკვეული, არ გვაქვს თავისუფალი საფონდო ბირჟა, სადაც მოხდებოდა ფასიანი ქაღალდების განთავსება, არ გვაქვს გარკვეული ლუქსემბურგულ-შვეიცარიული კომპანიები იქნებიან რეალურად წამყვანი ამ პროექტში, თუ ჩინურ-სინგაპურული კომპანიები. მათ შორის მშენებლობაში და იმაში, თუ ვინ განახორციელებს ამ პორტის ოპერირებას. თუ ვიტყვით, რომ სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, აქაც ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. სახელმწიფოს საქმე არ არის პორტის მართვა“, – განაცხადა ზურაბ მაღრაძემ.
მისი თქმით, თუ ჩვენ გვინდა მსოფლიოს ღია ბაზრებთან, -სთან, კანადასთან, ევროკავშირთან და ა.შ. დაკავშირებულობის განვითარება, იქ ასეთ პორტებთან სახელმწიფოს მონაწილეობა მწირია. სახელმწიფოს ფუნქცია რეალურად არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თორემ თავად ტვირთების გადაზიდვას და ბიზნესის ოპერაციებს ახორციელებს კერძო სექტორი.
„შესაძლოა პირველ ეტაპზე სახელმწიფოს საკუთრებაში იყოს 51%, აქ ანომალია არაა, მაგრამ საბოლოო ჯამში პორტის საკუთრება უნდა გადავიდეს კერძო სექტორის ხელში. შესაძლოა სახელმწიფომაც დაიტოვოს რამდენიმე პროცენტიანი წილი, მაგრამ პორტის ოპერირებიდან ძირითადი მოგება უნდა მიიღოს კერძო სექტორმა, რათა დაინტერესება და ბაზარიც გაზარდოს. მე მაინც მგონია, რომ ფორმულირება 51%-იანი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით, არაა სასურველი და არ იქნება ეფექტური“, – განაცხადა ზურაბ მაღრაძემ.