ამაზონის ტყეში არქეოლოგიური გათხრებისას 2 500 წლის ქალაქი აღმოაჩინეს

ამაზონის ჯუნგლებში, ეკვადორის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა 2 500 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს. ეკვადორში, უპანოს არეალში მდებარე სახლები და მოედნები ერთმანეთთან 25 კილომეტრის სიგრძის გზების და არხების რთული სისტემითაა დაკავშირებული.
ტერიტორია, სადაც ქალაქი აღმოაჩინეს, ვულკანთან ახლოსაა, რის გამოც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქალაქის მიწები განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო, თუმცა, სავარაუდოდ, ვულკანის ამოფრქვევა ქალაქის განადგურების მიზეზი გახდა. მეცნიერების თქმით, ქალაქი დაახლოებით 2 500 წლის წინ აშენდა და 1 000 წლის წინ განადგურდა. მათივე აზრით, ქალაქის მოსახლეობა 10 000 ადამიანიდან 100 000-მდე იყო.
სამხრეთ ამერიკის მთებში აქამდე აღმოჩენილი ქალაქები და დასახლებები იმ ვარაუდის საფუძველს იძლეოდა, რომ უძველესი სამხრეთამერიკული ხალხები ან მომთაბარეები იყვნენ ან მცირე დასახლებებში ცხოვრობდნენ. პროფესორი სტივენ როსტენი ამბობს, რომ ეს უახლესი აღმოჩენა მთლიანად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს ამაზონის კულტურებზე.
“(ამაზონის კულტურაზე) ადამიანების უმეტესობა წარმოიდგენს პატარა, ძირითადად შიშველ ხალხს, რომლებიც ქოხებში ცხოვრობდნენ და მიწაზე მუშაობდნენ. ეს (აღმოჩენილი ქალაქი) გვაჩვენებს, რომ აქ ხალხი ასევე ცხოვრობდა რთულ, ურბანულ საზოგადოებებში” – თქვა სტივენ როსტენმა.
მეცნიერების აზრით, აღმოჩენის ყველაზე განმაცვიფრებელი ნაწილი გზების დახვეწილი სისტემაა.
“გზების სისტემა ძალიან დახვეწილია. ის ვრცელ ტერიტორიაზე იშლება და ყველაფერი დაკავშირებულია. ასევე, აქ არის მართი კუთხეები, რაც ძალიან შთამბეჭდავია” – თქვა მეცნიერმა ანტუან დორისონმა.
მისი აზრით, გზების ნაწილს შესაძლოა ცერემონიებისთვის და რელიგიური პრაქტიკებისთვის იყენებდნენ.