ადვოკატების თქმით, დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმაში ბრალდებულებს არ აკავებენ

დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილისა და მისი ადვოკატების განცხადებით, გასული წლის ნოემბერში, მასზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულები, რომლებიც ძებნაში არიან და მათ დაკავებაზე სასამართლო განჩინება არსებობს, ჩვეულებრივად გადაადგილდებიან და სხვადასხვა იურიდიულ მომსახურებას ახორციელებენ.
ტატუაშვილის ადვოკატების თქმით, მათ საჯარო რეესტრიდან მოიპოვეს ამონაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ძებნილმა ბრალდებულებმა, მათთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, სხვადასხვა სახის იურიდიული აქტები განახორციელეს. ამ ინფორმაციას თავად ყოფილი მერიც ადასტურებს.
“ერთ-ერთი ბრალდებული, კობა მენაბდიშვილი საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობას ჩვეულებრივად ეწევა. მინდობილობებს აფორმებს და ამის საფუძველზე, უძრავ ქონებებსაც. კერძოდ, ნოტარიუსთან ასეთი 2 დოკუმენტი არის გაკეთებული. შესაბამისად, ცალსახაა, რომ 2023 წლის 1-ლი ნოემბრის თავდასხმა მმართველი გუნდის მიერ შეკვეთილი იყო.
ამ პიროვნებამ შპს მაშავერა-ჰესის დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით, მინდობილობა თავის ძმაზე გასცა. ეს შპს კი დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მოსახლეობის კუთვნილი მიწების უკანონოდ რეგისტრაციის საფუძველზე, ჰესს აშენებს […] ფაქტობრივად, ამ ადამიანებზე არანაირი ძებნა არ მიმდინარეობს, რადგან პროცესში ჩართულები არიან […] ამ ადამიანებს არც პირადობის მოწმობები და არც საბანკო ანგარიშები შეჩერებული არ აქვთ”. – თქვა გიორგი ტატუაშვილმა.
საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთეს ტატუაშვილის ადვოკატებმაც.
“იმის მიუხედავად, რომ კოკა მენაბდიშვილის დაკავების ოქმი არსებობს, ის სხვადასხვა საჯარო და სახელმწიფო უწყებებში დადის და იურიდიულ მოქმედებებს ახორციელებს […] ჩვენ უტყუარი მტკიცებულება გვაქვს, რომლითაც დასტურდება, რომ ძებნილმა პირმა სანოტარო აქტი ორჯერ გააფორმა. საკუთარი უძრავი ქონება გაასხვისა და ასევე, კომპანიის წესდებაში ცვლილება შეიტანა. გარდა ამისა, წილი გაასხვისა, დირექტორი შეცვალა”. – ამბობენ ტატუაშვილის ადვოკატები.
ტატუაშვილის უფლებადამცველების თქმით, ბრალდებულების ძებნის ნაწილში გამოძიება არაეფექტურია და მათ ამის თაობაზე სახალხო დამცველს უკვე მიმართეს.
ასევე, დმანისის ყოფილი მერის ადვოკატებმა პროკურატურასაც მიმართეს. როგორც ერთ-ერთი უფლებადამცველი, ზურაბ თოდუა ამბობს, დაცვის მხარემ პროკურატურას საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტები მტკიცებულებების სახით წარუდგინეს.
2023 წლის ნოემბერში დმანისის ყოფილ მერ გიორგი ტატუაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა. გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, ტარებას ედავება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით, ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომანქანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს.
ვინაიდან ბრალდებულები თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერდა პროკურატურა განცხადებაში.
დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს 1 ნოემბერს დაესხნენ. დაზარალებულის თქმით, როდესაც თბილისიდან დმანისში მიდიოდა, მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და 5-ჯერ ესროლეს. მომხდარ ფაქტს ტატუაშვილი თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ინციდენტში ქართული ოცნების “ზონდერებს” ადანაშაულებს.