სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერილაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სუსზე დაყრდნობით 1tv ავრცელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს. 1tv-ს ცნობით, სავარაუდოდ, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. მასთან ერთად თანამდებობა მისმა პირველმა მოადგილემ გია გულორდავამაც დატოვა.

ლაშა გოგია ზუგდიდის მერად 2017 წლის თვითმმარველობის არჩვენებში აირჩიეს. მანამდე ის ზუგდიდის გამგებლად მუშაობდა. გოგია „ქართული ოცნების“ წევრია. თანამდებობის დატოვების მიზეზის შესახებ მან ქსელში არაფერი დაწერა. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

11 სექტემბერს ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

">