სტოლტენბერგი: „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“

ნატო-ს გენერალურმა მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედი პარტნიორი და სანდო მეგობარია. ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ალიანსის ლიდერებმა ეს გუშინ დაადასტურეს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას წევრობისთვის მომზადების მიზნით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, 10 წელი გავიდა, რაც ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა და მას შემდეგ ორი მხარის პარტნიორობა უფრო მჭიდრო გახდა.

ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსთან უნიკალურია. თქვენ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედი პარტნიორი ხართ და სანდო მეგობარი. ჩვენი პარტნიორობა ნატო-სა და საქარველოს უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის“, – განაცხადს სტოლტენბერგმა.