შსს-ს შემადგენლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაბრუნებაზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დღეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ინიციატივა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კვლავ შსს-ს შემადგენლობაში დაბრუნდეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, ეს მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში დაიგეგმა. მისივე თქმით, ინიციატივა ბიუჯეტში ცვლილებას არ გამოიწვევს.

როგორც ნათია მეზვრიშვილი განმარტავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური ტექნიკური ბაზა, რომლითაც ასევე ისარგებლებს საგანგებო სიტუაციების სამსახური.

2017 წლის ბოლოს, მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო გაუქმდა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გამოეყო და მათ ბაზაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნა.

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ბოლოს დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც შს სამინისტროს შემადგენლობიდან გასული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეფორმირება და ახალი სისტემით ჩამოყალიბება მოხდა.

წყარო: imedinews.ge

/</a></iframe>