შსს-ს განცხადება თორნიკე მერებაშვილის საქმეზე

თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინსიტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორამციით, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი 1999 წელს დაბადებული თ.მ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თ.მ.-ს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც თ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად – კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით – დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

სოფელ ხელთუბანთან მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. 6 ივლისს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერაბაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოთხოვენ დადგინდეს რა ვითარებაში მოხდა თორნიკე მერაბაშვილის გარდაცვალება.

თორნიკე მერაბაშვილის მამამ, შვილის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე განაცხადა, რომ მისი შვილი მოკლულია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი მიიმალა. პოლიციამ შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე მაღაზიის გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.