შსს-მ ბათუმში ირანის მოქალაქე ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ირანის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ა.ბ. ბათუმში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს, ა.ბ.-სგან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 აბი, „მდმა“-ს შემცველი 9 აბი და 2 გრამამდე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

პოლიციამ, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 90 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – ნათქვამია განცხადებაში

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.

წყარო: რუსთავი 2

">