სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ ბექაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა.

ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულმა, მალხაზ კობაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სმიტების ოჯახი მას არ მოუკლავს, ბრალდებულის თქმით, სმიტების ოჯახის წევრები ორმა უცხოელმა მამაკაცმა დახოცა.

„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, – განაცხადა კობაურმა.

მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.