შსს: ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გავხსენით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. ამის შესახებ დღე უწყებაში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

ჭელიძის თქმით, შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. მისივე თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებული – თბილისში დააკავეს”, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236 -ე მუხლით. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

">