შსს: ჩვენი განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა

შსს-ს მიერ 26 დეკემბერს გავრცელებული განცხადება იყო დეპერსონალიზებული ფორმით, სახელისა და გვარის ინიციალების გამოყენებით, შესაბამისად, სრულად აკმაყოფილებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი სახოკიამ განაცხადა.

„რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ დაწყებულ წარმოებას, გვაქვს მათთან კომუნიკაცია და გამოვთქვამთ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა სახოკიამ.

ცნობისთვის, საქმე ეხება განცხადებას, რომელიც შსს-მ ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში, ჩხრეკის დროს ქალის  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

">