შრომის ინსპექციის წვდომა სამუშაო ობიექტებზე მარტივდება

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, შრომის ინსპექციას სამუშაო ადგილზე წვდომასთანდაკავშირებით შესაძლოა, სასამართლოს ნებართვა წინასწარ აღარ დასჭირდეს.

მოქმედი კანონის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია, სამეწარმეო საქმიანობა მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე გააკონტროლოს, მათ შორის, საწარმოში შევიდეს, დოკუმენტები მოითხოვოს, საწარმოს საქმიანობა შეაჩეროს, მეწარმის კუთვნილი ქონება დალუქოს, საწარმო დაათვალიეროს და მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი შეამოწმოს.

ამასთანავე, კანონში ჩამოთვლილია შემთხვევები, რა დროსაც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად მოსამართლის ბრძანების მოპოვება არ მოითხოვება. სწორედ ჩამონათვალში იქნება მოქცეული შრომის ინსპექციაც.

„საქართველოში სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია. ბოლო პერიოდში საწარმოებსა და ორგანიზაციებში უბედური შემთხვევების რაოდენობა კრიტიკულადაა გაზრდილი. აუცილებელია, საერთაშორისო კონტექსტი აღინიშნოს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშებში ხაზგასმულია, რომ საქართველო შრომის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელოვანია ქმედითი და ეფექტური აღსრულების მექანიზმის-შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება და ფუნქციონირებაა“, -განმარტებულია კანონპროექტში.