„შეწყალების კომისიასა და ე.წ. უდოს კომისიაში იდენტური დახასიათებები გაიგზავნა“

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით შეწყალების კომისიასა და ე.წ უდოს კომისიაში იდენტური დახასიათებები გაიგზავნა.

დარახველიძის განცხადებით, კანონით დადგენილი ვადის გათვალისწინებით, ბაქრაძის საკითხი სულ ცხრაჯერ იქნა განხილული, ექვს შემთხვევაში, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების, ხოლო სამ შემთხვევაში – თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე. ყველა ჯერზე მას უარი ეთქვა.

„დახასიათება, რომელიც იგზავნება შეწყალების კომისიაში და ე.წ უდოს კომისიაში, არის იდენტური. ზუსტად იგივე ინფორმაცია გამოგზავნეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოშიც და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. სწორედ ამ დახასიათებაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება ორივეგან. ექვსჯერ მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.

დახასიათება, რომელსაც აგზავნის პენიტენციური დაწესებულება არ შეიცავს არც დადებით, არც უარყოფით დახასიათებას. ის შეიცავს იმ ობიექტური გარემოებების დახასიათებას, რომელიც გამოიხატა მსჯავრდებულის მიერ – თუ როგორ იცავდა სასჯელის მოხდის პერიოდში დადგენილი რეჟიმის მოთხოვნებს, როგორ ერთვებოდა სოციალურ თუ სარეაბილიტაციო პროგრამებში და რა აღნიშნა ფსიქოლოგთან. სწორედ ეს ინფორმაცია იგზავნებოდა. დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, იმ მასალებით, რაც იქნა გამოგზავნილი, მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება. დანაშაულის ხასიათი, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი – იმ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ ეს იყო მთავარი კრიტერიუმები. პატიმრის ქცევა ციხეში არ არის საკმარისი. სამინისტრო გრძნობს პასუხისმგებლობას. ჩვენ ჩვენ გადაწყვეტილებებზე ვაგებთ პასუხს. არანაირ ე.წ საიდუმლო ინფორმაციას საბჭოს გადაწყვეტილება არ ეყრდნობა.

დამატებით რაიმე თუ შეიცვლება, დაწესებულება ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია კომისიას, მაგალითად, თუ წახალისება ან გადაცდომა ექნება მსჯავრდებულს. მსჯავრდებული ვეფხია ბაქრაძე კი, არც დასჯილი იყო, არც წახალისებული. ერთი თვით ადრე იყო ერთ-ერთი ჩვენი უარი და ამის შემდეგ მოხდა შეწყალება“, – განაცხადა დარახველიძემ.