„შეწყალების კომისიამ მომმართა სრული გათავისუფლების თაობაზე, მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი“

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების თაობაზე კომისიამ სრული გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მან სასჯელი გაუნახევრა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„2014 წლის აგვისტოში ამ შემთხვევაში  ეჭვმიტანილმა, მაშინ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის შემდეგ იქნა დაპატიმრებული და შემდეგ ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართ შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა, მეორე მიმართვის დროს, კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც პირველ რიგში აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას , სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას და აგრეთვე სამედიცინო ცნობას, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. საქმეს თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის 4 შვილის მამა იყო, აქვე დავამატებ, რომ თან ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე და ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც ჩვენ მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწვდით ამ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა  რომ გვესმის, რომ კითხვები ინტენსიურია.

დღეს, როდესაც ამ საქმეს ვუყურებთ და მე თქვენ გაცნობთ ამ შეწყალების აქტის ყველა შემადგენელს, მაშინ კომისიამ მე მომმართა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. ჩვენ  ეს დღეები სწორედ ამას ვუკვირდებოდით, გამომდინარე იმ განსაკუთრებული სიმძაფრიდან რომლითაც მე პირადად და კომისიაც ძალადობის და განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს რა სიმძაფრითაც განვიხილავთ.

კომისიამ მომმართა სრული გათავისუფლების თაობაზე, მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი. მე რომც არ გამენახევრებინა და ის 6-7 თვე არ გამენახევრებინა, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.