„ვხედავთ, რომ რიგებია ტურისტების, მაგრამ რეგიონს არაფერი არ რჩება“ – შესაძლებლობები რეალიზაციის მოლოდინში

კულტურა და კულტურული ნიმუშები, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ჯერ კიდევ, მხოლოდ შთაბეჭდილებების წყაროა. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, ისე, რომ კულტურის არსი არ შეცვლილა, დაიწყო მისი განხილვა შემოსავლის მიღების წყაროდაც.  აღმოჩნდა, რომ კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები, შესაბამისი მიდგომის შემთხვევაში, ეკონომიკური და სოციალური განვითარების კარგი შესაძლებლობაა. ამ შესაძლებლობის გამოსავლენად კი, საზოგადოებას თვალსაჩინო შედეგი – წარმატებული მაგალითების შესახებ ინფორმაცია სჭირდება.

კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები მოიცავს თითქმის ყველა სფეროს, დაწყებული რეკლამის წარმოებიდან და არქიტექტურიდან, ფოლკლორითა და გამომცემლობით დასრულებული. ყველა ეს სფერო მჭიდროდ უკავშირდება ეკონომიკას – სამუშაო ადგილების შექმნითა და ბიუჯეტში შემოსავლების წილით.

საქართველოს რეგიონებში, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ადგილობრივი რესურსი არსებობს. საჭიროა მხოლოდ მოსახლეობაში ამ მიმართულებით, ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი გარემო.

არასამთავრობო ორგანიზაციის – „შემოქმედებითი საქართველო“ –  აღმასრულებელი დირექტორი, ქართულ-კავკასიური კვლევების ფონდის დამაარსებელი ზვიად მჭედლიშვილი

ზვიად მჭედლიშვილი

შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის კულტურულ ტურიზმს ერთერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობად მიიჩნევს.

იმ ფაქტის ერთერთ საფუძველს, რომ ტურისტების სიმრავლის მიუხედავად, რეგიონებს არცისე მაღალი შემოსავალი აქვთ, ზვიად მჭედლიშვილი პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზების ხარისხში ხედავს. მაგალითად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მიუხედავად კულტურული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაოების სიმრავლისა, ძირითადად, ერთდღიანი ტურები იგეგმება.

„რეალურად, ვხედავთ, რომ რიგებია ტურისტების, მაგრამ რეგიონს არაფერი არ რჩება. რეგიონში დარჩენის პრობლემაა. არ არსებობს ტურები, რომელიც რეგიონს მოიცავს. ამის საპირისპირო მაგალითია იგივე „ყაზბეგი რუმსი“, რომელსაც აქვს შესაბამისი სერვისი და საკმაოდ მაღალი ფასი იქაური რეალობისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მოგებაზე მუშაობს. მაგალითად, კონკრეტულად მცხეთაში, არის მხოლოდ გავლითი, ერთდღიანი ტური და ის სხვა ტურისტული მარშრუტის ნაწილია. ჩადის ხალხი ავტობუსებით, შედის, აბსოლუტურად უფასოდ, ყველა ჩვენს ძეგლში. ეკლესიები ყველგან უფასოა, მაგრამ ეკლესიებს როგორც კი გამოცდები, მერე ყველაფერი ფასიანია“, – ზვიად მჭედლიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ აქ აქვს შესაძლებლობა ადგილობრივ მეწარმეს ან სხვა დაინტერესებულ პირს, რომ რესურსი გამოიყენოს. კულტურული ძეგლიდან გამოსულ ტურისტს შესთავაზოს მაღალი ხარისხის შემოქმედებითი პროდუქტი, ან მაღალი ხარისხის მომსახურება.

„ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი ამ მიმართულებით, რომ ეს ცარიელი ადგილი ამოვავსოთ: ჩამოსულმა ტურისტმა რომ დახარჯოს ფული მცხეთაში, დუშეთში, თუშეთში, ხევსურეთში… როდესაც მიუღებელი სერვისი და მიუღებელი პროდუქტია, თავისთავად ტურისტისთვის მთავარია, ნახოს ძეგლი და გაიქცეს თბილისში, ან სადმე სხვაგან“.

როცა ბაზარზე დაბალი ხარისხის და იაფი პროდუქცია ან სერვისია, რთულია, იგი მაღალი ხარისხის და შესაბამისად, მაღალი ფასის შეთავაზებამ ჩაანაცვლოს.

თუ არსებობს მაგალითები იმისა, რომ შემოქმედებით პროდუქციას, სწორი შეთავაზების შემთხვევაში, შემოსავლის მიღების პოტენციალი აქვს, კერძო მეწარმე აუცილებლად დაიწყებს ფიქრს საკუთარი პროდუქციის ხარისხზეც და შეთავაზების გზებზეც.

„მთავარი გასაზომი ფაქტორი არის თვითღირებულება. ეს არის დამღუპველი ხარისხისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ თუ განვსაზღვრავთ ყველანაირ პროდუქტს იმითი, თუ რა ღირს ის და არ მაინტერესებს, რა ფასი აქვს, ეს წინმსწრებად დამღუპველია“.

ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი გარემოს შექმნა, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

„სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთ გარემო სადაც მე, შემოქმედებით ადმიანს შემიძლია გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები. გარემო გულისხმობს, როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე შემოქმედებითი ინიციატივების განხორციელებას, ეს იქნება ფინანსური თუ საკონსულტაციო და ასე შემდეგ“.

გარდა შესაბამისი გარემოს არსებობისა, შემოქმედებით ინდუსტრიებს, მცირეს თუ დიდს, სჭირდება მოტივაცია, რომ ხარისხი გააუმჯობესოს. ზვიად მჭედლიშვილი რეგიონული ბრენდის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ვთქვათ, წარმოებულია მცხეთა-მთიანეთში. ეს არის ბრენდი, ხარისხის ნიშანი. იქ წარმოებულ ყველა პროდუქციას აქვს თავისი, გარკვეული ლოგოტიპი. ყველას, ვინც ჩადის მცხეთა-მთიანეთში, პირველ რიგში, უნდა, რომ იყიდოს იქაური პროდუქტი და არა საიდანღაც ჩამოტანილი. ეს არის ის ფაქტორი, რომელიც, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ხარისხს. ამ ელემენტარული, ძალიან ადვილი, მექანიკური ინსტრუმენტის გამოყენებით, შესაძლებელია დავიცვათ ხარისხი და თვითშეგნებაც“.