საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა. საქართველოს პრეზიდენტმა დროშა საქართველოს ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა. დროშის აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა ,,შავნაბადამ“ შეასრულა.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის სახლებიდან გადმოფენისა და დროშის დღის აღნიშვნისაკენ მოუწოდა.

დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა კახეთშიც, უჯარმის ციხეზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა მაშველებმა აღმართეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი კი, ვანო მჭედლიშვილის სახელობის მომღერალთა გუნდმა შეასრულა.

პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება მცხეთაში, სადაც ძალოსანი ლაშა ტალახაძე სპორტსმენებთან ერთად დროშას ბებრის ციხეზე აღმართავს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი ,,მცხეთა“ შეასრულებს.
გორში კი, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, იუნკერები სახელმწიფო დროშას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით 12:30 საათზე აღმართავენ. ცერემონიის მონაწილეებსა და იუნკერებს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო დროშის დღეს მიულოცავს.
ქუთაისში, დროშას ექიმები, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ანსამბლ ,,ქუთაისის“ მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით აღმართავენ.
სენაკში კი, დროშას პედაგოგები აღმართავენ, აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი ,,სენაკი“ შეასრულებს.

">