სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებში საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების შორისაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი მოგზაურებისთვის უსაფრთხოების ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა და მსოფლიოს ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით ოთხ კატეგორიად დაყო. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა.

საქართველოსთან ერთად, პირველ ჯგუფში არიან ისეთი ქვეყნები, სადაც უსაფრთხოების ზომების დაცვა საკმარის დონეზეა უსაფრთხო მოგზაურობისთვის. ასეთ ქვეყნებს შორისაა ავსტრია, კანადა, შვეიცარია, სკანდინავიის ქვეყნები, ევროკავშირის ყველა აღმოსავლეთევროპული ქვეყანა და თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა.

მეორე ჯგუფში შევიდნენ ქვეყნები, სადაც დეპარტამენტის შეფასებით, შედარებით მეტი სიფრთხილეა საჭირო. ამ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა გერმანია, დიდი ბრიტანეთ და საფრანგეთიც. როგორც ანგარიშში წერია, ეს ქვეყნები მეორე ჯგუფში კრიმინალის დონისა და არეულობების გამო მოხვდნენ.

მესამე ჯგუფის ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში გამგზავრების გეგმების გადახედვისკენ მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს. რუსეთი ამ კატეგორიაში ტერორიზმის საფრთხის გამო მოხვდა. ასევე, დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკელები ხშირად სხვადასხვა შევიწროების მსხვერპლები ხდებიან. რუსეთთან ერთად მსგავსი ქვეყნების რიგებში მოხვდნენ ვენესუელა, კუბა, ნიგერი, სუდანი, პაკისტანი, თურქეთი და სხვ.

სიცოცხლისთვის შესაძლო საფრთხის გამო აშშ-ს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს მეოთხე კატეგორიის ქვეყნებში არ გაემგზავრონ. ამ ქვეყნებს შორის არიან ავღანეთი, ირანი, ერაყი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სირია, სომალი და სხვები.

">