საუდის არაბეთმა შესაძლოა აღიაროს, რომ ჟურნალისტი „არასწორი დაკითხვისას“ შემოაკვდა

საუდის არაბეთის ხელისუფლება ამზადებს ანგარიშს, რომელშიც გეგმავს აღიაროს, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი „არასწორად ჩატარებული დაკითხვის“ შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნული იქნება, რომ ოპერაციაში ჩართულ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

CNN-ის ერთ-ერთი წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ანგარიში ჯერ კიდევ დასრულებული არ არის, ამიტომ მისი შინაარსი შესაძლოა, შეიცვალოს.

The Washington Post-ის თანამშრომელი ჯამალ ხაშოგი უკანასკნელად სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს ნახეს. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს. The Washington Post-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებას მკვლელობის დამადასტურებელი აუდიო და ვიდეოჩანაწერები გააჩნია.

ამ თემასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთში გააგზავნა.

/</a></iframe>