„საქართველოში მიმდინარეობს მწვავე პოლიტიკური ბრძოლა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს, დაიწეროს ქულები“

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე სპეკულაციებისა და ისტერიების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიმდინარე მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა. 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს საქართველოში მიმდინარეობს მწვავე პოლიტიკური ბრძოლა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს, დაიწეროს ქულები პოპულისტური განცხადებებისა და აქციების ხარჯზე. ჩვენ კი ვიცით, რომ ჩვენი მეზობლების შემთხვევაში, ასეთი ქულების მოპოვება ყველაზე მარტივია ნაციონალური თემის, რევანშისტული განცხადებების, ერთა შორის სიძულვილის გაღვივების საფუძველზე“, – განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვის თქმით, „მიმდინარე ისტერიის კიდევ ერთი მიზეზი საქართველოს დასავლელი კურატორები არიან, რომლებიც უფლებადამცველ ორგანიზაციებს იყენებენ იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთი წარმოადგინონ, როგორც ოკუპიებული რეგიონი, სადაც სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები“.

„მათ ძირითადი უფლებების რეალური დარღვევები არ აინტერესებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ხმას აიმაღლებდნენ მაშინ, როდესაც ქართული პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ უჩინარდებოდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის, არასრულწლოვნები და ამის უტყუარი მტკიცებულებები არსებობს“, – განაცხადა ბიბილოვმა.