საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობებით ვაჭრობა თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

საქართველოს “წითელი ნუსხისა“ და “წითელი წიგნის“ შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე ინიცირებულია. ცვლილებების მიხედვით, კანონმდებლობაში აისახება “გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” კონვენციით (CITES) განსაზღვრული საკითხები. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

კანონპროექტი ადგენს კონვენციის დანერგვაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს და მის უფლება-მოვალეობებს. პროექტი განსაზღვრავს “გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის და ზღვიდან ინტროდუქციის, ასევე ასეთი ნიმუშებით ქვეყნის ტერიტორიაზე ვაჭრობის პირობებს.

კანონპროექტი ასევე ადგენს გამონაკლის შემთხვევებს, ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვების და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესებსა და პირობებს, ასევე – სანებართვო მოწმობის გამოყენების წესს. განისაზღვრება რეტროსპექტიული ნებართვს გაცემის პირობები და დგინდება ნებართვის მფლობელების ვალდებულებები.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სანქციები ამოქმედდება. ასევე, “სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ზღვიდან ინტროდუქცია ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4-წლამდე.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები კახა კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული არიან.

">