საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2018 წლის 11 ოქტომბერს, სოფიაში, საქართველოსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ბულგარეთის მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური შტერკი.

კონსულტაციებისას მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი კავშირები და ხალხთაშორისი კონტაქტები.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტრიბუციისთვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ სადამკვირვებლო მისია ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია.

ასევე, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ბულგარეთის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა თბილისში ბულგარეთის საელჩოს, როგორც საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს როლს. ორმხრივი თანამშრომლობის განხილვისას დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა, მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის გააქტიურების აუცილებლობა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

ხაზი გაესვა საქართველო-ბულგარეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომისიის მომდევნო სხდომა გაიმართება ბულგარეთში 2019 წლის დასაწყისში და დარჩენილი პერიოდი გამოყენებული იქნება სხდომის მაღალ დონეზე მოსამზადებლად, რაც საშუალებას მისცემს ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს გააღრმაონ ეკონომიკური კავშირები.

/</a></iframe>