საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. საქმის პროკურორის ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმ მტკიცებულებებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს.

„შესავალ სიტყვაში მიმოვიხილეთ მოცემულ დანაშაულთან მიმართებაში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქმის ფაქტობრივი გარემოებები. გარდა ამისა, ჩვენს მიერ წარდგენილ იქნა დამატებით ახალი მტკიცებულება, კერძოდ, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად მიიღო”, – განაცხადა პროკურორმა.

თავის მხრივ დაცვის მხარე სასამართოს საკუთარ შესავალ სიტყვას მომდევნო პროცესზე წარუდგენს, რომელიც 15 ნოემბერს ჩაინიშნა. ბრალდებულ მირზა სუბელიანის ადვოკატის ეკა ხუციშვილის განმარტებით, დაცვის მხარე შესავალ სიტყვაში ძირითადად სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენს შესავალ სიტყვაში შემამსუბუქებელ გარემოებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან მირზა სუბელიანის შემთხვევაში დამამძიმებელი გარემოებები არ არის, შემამსუბუქებელი გარემოებებია. ასევე გავამახვილებთ ყურადღებას, სასჯელის თემასთან დაკავშირებით, რომ იყოს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან”, – განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

რაც შეეხება საქმეში ერთადერთ სადავო მტკიცებულებას, მოწმე მიხეილ შაყულაშვილს, ადვოკატის თქმით, ვინაიდან მისი ჩვენება უშუალოდ ბრალს და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არ ეხება, მირზა სუბელიანს არ სურს სასამართლოს დრო დააკარგინოს და აღნიშნული მოწმის ჩვენებასაც დაცვის მხარე უდავოდ გახდის.

">