საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატი შეარჩია

11 ივლისს საპროკურორო საბჭომ სამი წარდგენილი კანდიდატურიდან მთავარი პროკურორობის კანდიდატად ერთ-ერთი მათგანი შეარჩია. საბჭოს წევრები იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილ ნინო გოგნიაშვილს და შალვა თადუმაძეს გაესაუბრნენ. მათი რეკომენდატორები უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი იყვნენ. რაც შეეხება პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ კანდიდატ, შალვა შავგულიძეს, ის გამოცხადდა გასაუბრებაზე, მაგრამ წარმდგენი პარტიის წევრთან, პარლამენტარ ოთარ კახიძესთან კონსულტაციის შემდეგ, რომელიც ამავე დროს საპროკურორო საბჭოს წევრია, კანდიდატურა მედიის წინაშე საჯაროდ მოხსნა. კანდიდატურის მოხსნის მიზეზად კი საბჭოს მხრიდან გასაუბრებების პირდაპირ ეთერში გადაცემაზე უარის თქმა დაასახელა, იმის მიუხედავად რომ თითოეული კანდიდატის გასაუბრების აუდიო ჩანაწერი საჯაროა და საპროურორო საბჭოს საიტზე იტვირთება, ხოლო კენჭისყრის პროცესს მედიის წარმომადგენლები ესწრებიან და თვალს სრულად ადევნებენ.

ორ კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ შალვა შავგულიძის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელთანაც ეს გადაწყვეტილება საბჭოს წევრების მხრიდან უშუალოდ ტელეფონით გადამოწმდა სხდომის მიმდინარეობისას, ამ კანდიდატურისათვის კენჭი არ უნდა ეყარათ, მით უმეტეს, რომ მისი ხედვისა და მოსაზრებების მოსმენა ვერ მოხერხდა. შესაბამისად კენჭი ეყარა ორ კადიდატს – ნინო გოგნიაშვილსა და შალვა თადუმაძეს. კენჭისყრის შედეგად არჩევანი შალვა თადუმაძეზე შეჩერდა. მან საბჭოს წევრების სრული შემადგენლობიდან – 15 წევრიდან 12 წევრის მხარდაჭერა მიიღო, რაც კანონის თანახმად საკმარისია იმისათვის, რომ კანდიდატურის წარდგენა საქართველოს მთავრობის წინაშე მოხდეს.

საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი მიიღებს.

გასაუბრების პროცესი 10 საათზე დაიწყო და 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მთავარი პროკურორობის კანდიდატისათვის ხმის მიცემის პროცედურა ღია იყო ჟურნალისტებისათვის. მათ საშუალება ჰქონდათ, დაჰკვირვებოდნენ ხმის მიცემას, ხმების დათვლას და შერჩეული კანდიდატის გამოვლენას. რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს სხდომას და გასაუბრებას, დებულების თანახმად, განხორციელდა სხდომის აუდიო ჩაწერა, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია, ხოლო ორივე კანდიდატთან გასაუბრების აუდიო ჩანაწერები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე – pc.gov.ge, დღესვე აიტვირთება.

კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს საპროკურორო საბჭოს შემდეგი წევრები ესწრებოდნენ: თეა წულუკიანი, პოლიკარპე (თემური) მონიავა, ირმა ჭკადუა, ვასილ მშვენიერიძე, სერგო მეთოფიშვილი,  ანა კალანდაძე, კონსტანტინე სირაძე, ანზორ უსტიაძე, გიგა ძნელაძე, ივანე კაკალია, მამუკა ფიფია, გოჩა ფარულავა, ნანა ხუნჯუა. საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა ეკა ბესელია, რომელიც სამსახურებრივი მივლინებით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. სხდომასა და გასაუბრებებში მონაწილეობა არ მიიღო ოთარ კახიძემ გასაუბრების პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემაზე საბჭოს მხრიდან უარის გამო.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საბჭოს ყველა წევრმა გარდა თეა წულუკიანის, ეკა ბესელიასი და ოთარ კახიძისა.

კენჭისყრაში მონაწილე საპროკურორო საბჭოს წევრებს  ორ-ორი ბიულეტენი დაურიგდათ. თითოეულში მითითებული იყო მთავარი პროკურორობის ერთი კანდიდატი. საბჭოს წევრებმა თითოეულს ცალ-ცალკე მისცეს ხმა, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. ინდივიდუალური არჩევანის გაკეთების შემდეგ საპროკურორო საბჭოს წევრებმა ორივე ბიულეტენი ერთ კონვერტში მოათავსეს და საარჩევნო ყუთში ჩაუშვეს.  

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. „დღეს ჩემი მიზანია, დაინტერესებულმა პროფესიულმა წრეებმა და საზოგადოებამ დაინახონ, თუ რა მოლოდინები აქვთ კანდიდატებისგან საბჭოს წევრებს და როგორია მათი თავისუფალი არჩევანის შედეგი. შესაბამისად, ვასრულებ კოორდინაციის ფუნქციას იმისათვის, რომ თითოეულ კანდიდატს საკუთარი თავის წარმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობა მიეცეს და რომ საბჭოს თითეულ წევრს არჩევანის თავისუფლება ჰქონდეს. კენჭისყრა გახლავთ ფარული და ის ასევე გამჭვირვალედ, ყველას თვალწინ ჩატარდა.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

/</a></iframe>