საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიულეტენები 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის და თერჯოლასა და სამტრედიაში 6 საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის იბეჭდება.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად, 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი დააკვირდება.

„საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს, გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს – ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, – თქვა ანა მიქელაძემ.

/</a></iframe>