საპენსიო რეფორმა – ინიციატივაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბექა ნაცვლიშვილმა შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს

მმართველი გუნდი შესაძლოა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვოს. მოსამართლეების უვადო გამწესების საკითხთან  ერთად საპენსიო რეფორმა ის საკითხია, რომლის გადაწყვეტაზეც დამოკიდებულია დარჩება თუ არა ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში.

საპენსიო რეფორმის შესახებ ნაცვლიშვილის ინიციატივას დღეს სამ კომიტეტში განიხილავენ.

დეპუტატის განმარტებით, ეს არის უკვე ამოქმედებული სისტემის ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც სოლიდარობის პრინციპზეა დაფუძნებული.

მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული და უკვე ამოქმედებული სისტემა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანს ღირსეული პენსია ჰქონოდა.

„ჩვენი საპენსიო სისტემა სთავაზობს სოლიდარობაზე დაფუძნებულ სისტემას. დაბალშემოსავლიანები მიიღებდნენ პროპორციულად გაზრდილ პენსიას. ერთი წელიც კი რომ შენატანი განახორციელო მაინც აიღებ გაზრდილ პენსიას. თუ თანხვედრას არ იქნა პოლიტიკოსების ვერ ვხედავ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების არსს,“-ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

დღესვე დეპუტატები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში საპენსიო რეფორმის კიდევ ერთ, “ევროპული საქართველოს” ალტერნატიულ ვარიანტზეც იმსჯელებენ.

„წარდგენილი გვაქვს ჩვენი ალტერნატივა, რომელიც გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის ხარჯზე საპენსიო დანაზოგის გაკეთებას,ისეთ ღირსეულ სიბერეს იძლევა  მომავალში, რომ მას “ქართული ოცნების” დეპუტატთან ნაწილიც კი უჭერს მხარს,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

“ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ დღემდე საზოგადოებისთვის გაურკვეველია რას მოიტანს საპენსიო რეფორმა. რომან გოცირიძე ამბობს, რომ რადიკალური კანონპროექტებიც განიხილება.

">