საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად ოპოზიცია მილიონი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად ოპოზიცია მილიონი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 21 პოლიტიკური პარტიის განცხადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვების მიზნით ოპოზიციას სპეციალური ბლანკები გადაეცემათ.

საჭირო ცვლილებებისთვის ოპოზიციას 200 ათასი ხელმოწერა სჭირდება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, აღნიშნული ხელმოწერების შეგროვება საფუძველი უნდა გახდეს იმის, რომ „ოცნებამ“ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე მოქალაქეების ხელმოწერებს 21 პარტია ყველა მუნიციპალიტეტში შეაგროვებს.

„20-ზე მეტი პოლიტიკური პარტია არის მობილიზებული, რათა შეაგროვოს ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერები ყველა მუნიციპალიტეტიდან და საქართველოს პარლამენტს გააგონოს მილიონი მოქალაქის ხმა, რომ მათ არ უნდათ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემის დატოვება და არ უნდათ ის, რომ ხელისუფლება იპარავდეს ყოველ არჩევნებზე, დაახლოებით, 25 პროცენტს მანდატებისა,“ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

ხელისუფლებას საზოგადოების აზრის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.

„ეს იქნება ხელისუფლების გაფრთხილება ხალხის მიერ, რომ კეთილი ინებონ და შეასრულონ ხალხის სურვილი, ნუ ებღაუჭებიან ხელისუფლებას და ქვეყანაში ჩატარდეს ძალადობისგან თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ხელმოწერების შეგროვებას და ამის შემდეგ საზოგადოების ნების გათვალისწინებას ემხრობა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ეკა ბესელია.

მისი თქმით, მილიონი ხელმოწერა სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გადაიხედოს არჩევნების ჩატარების სისტემა.

">