„სამწუხაროდ რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით“

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ის ამ განცხადებას ცინიზმს ვერ დაარქმევს, თუმცა აცხადებს, რომ კონსტრუქციული მიდგომის მოლოდინი, რომელიც ქართულ მხარეს ჰქონდა რუსეთის მხრიდან, ამ განცხადებაში არ გამოიხატა.

„სამწუხაროდ რუსეთი ჩვენ პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით, ეს განცხადებაც იყო ამის გამოძახილი, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება. ცინიზმს, როგორც ასეთი, ამას მე ვერ დავუძახებ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს უფრო კონსტრუქციული მიდგომა და ეს განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება. მთლიანად პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ეკისრება რუსულ მხარეს, რომელიც არის სრული კონტროლის განმახორციელებელი მხარე, შესაბამისად ჩვენი მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამ კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე უნდა გადაიჭრას ეს საკითხი. მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისთვის“,-განაცხადა კობახიძემ.

">