„სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება და უკვე იჩენს თავს“

ბრიფინგი

ბრიფინგი

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on 2018 წლის 30 იანვარი, სამშაბათი

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, კითხვები არსებობს, რომელთაც პასუხი დროულად უნდა გაეცეს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა – მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის გამოც, 14 ადამიანი დაშავდა.  ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძის განცხადებით, ამჟამად, ექიმები დაშავებულ მოქალაქეებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევენ, რომლის ხარჯებსაც თბილისიმერია და ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.

„აღნიშნული სამუშაოები კომპანია „ყვარელრემმშენმა“ შეასრულა, რომლის ჯამური ღირებულება 347 852 ლარს შეადგენს. ეს სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა. განახლებული მეტროსადგური ექსპლუატაციაში სექტემბრიდან შევიდა და რამდენიმე თვეში ეს შედეგი მივიღეთ. ჩვენ გვაქვს კითხვები და ამკითხვებს დროულად უნდა გაეცეს პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით, შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება უკვე დაიწყო.

„არ მინდა ხმამაღალი დასკვნების გაკეთება, რათა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში არ შევიჭრა, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მომხდარის მიზეზები დროულად დადგინდეს და ყველამ თავისი დანაშაულის შესაბამისად აგოს პასუხი. ვერ და არ ეპატიება არცერთ კომპანიას, არცერთ ადამიანს, ვისი არაჯეროვანი და უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგად, თუნდაც ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეექმნას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მერიის მიერ, დედაქალაქში არსებული ყველა ობიექტი – ბაღები, სპორტული კომპლექსები, მეტროსადგურები დეტალურად მოწმდება.

„სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება და უკვე იჩენს თავს. წინ ძალიან ბევრი საქმეა – უკვე არსებულის შემოწმება, მონიტორინგი და ზოგადად, გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობის დროს ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

">