“სამშაბათს, პარლამენტში შედგება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც მოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი”

სამშაბათს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.

ბაქრაძის თქმით, სხდომაზე, კობა გვენეტაძესთან ერთად საუბარი TBC ბანკის შესახებ გაიმართება. საკომიტეტო მოსმენაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისვლა საპარლამენტო უმცირესობამ მოითხოვა.

ბაქრაძე, ასევე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მისვლას სთავაზობს ბანკის დამფუძნებლებს, რათა ღია და საჯარო ფორმატში გაიმართოს მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა პროცესები ვითარდება TBC ბანკის გარშემო.

„გუშინ, საპარლამენტო უმცირესობამ მოვითხოვეთ საკომიტეტო ფორმატზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსვლა პარლამენტში და შემიძლია გითხრათ სიახლე, რომ სამშაბათს, პარლამენტში შედგება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც მოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, უმცირესობის მოთხოვნის შესაბამისად და ჩვენ ვთავაზობთ  TBC ბანკის წარმომადგენლებს, ბატონ ხაზარაძეს მოვიდეს ამავე სხდომაზე და სამშაბათს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, კომიტეტის ფორმატში ღიად, საჯაროდ, ჟურნალისტების თანდასწრებით, საზოგადოებისთვის გასაგებად, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება TBC ბანკის ირგვლივ, რა პროცესს აქვს ადგილი, ვინ არის დაინტერესებული და რაც მთავარია, რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენი მოქალაქეებს ცხოვრებაზე და მომავალზე,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

">