საქართველო PEMPAL-ის საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის/ჰარმონიზაციის ცენტრისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, PEMPAL-ის (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) პროგრამის ფარგლებში, საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო ფორუმს, რომელსაც ცენტრალური აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 27 ქვეყნის, დაახლოებით, 75 დელეგატი ესწრება.

დღევანდელი ფორუმი სასტუმრო „ბალტმორში“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა გახსნეს.

PEMPAL-ი მსოფლიო ბანკის მიერ დაფუძნებული გაერთიანებაა, რომელშიც სახელმწიფო ხარჯების მართვის სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეები არიან გაწევრიანებულები და მისი მიზანია, ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ფორმატი მოიცავს საჯარო ფინანსების მართვის სამი კომპონენტის ირგვლივ გაერთიანებულ სამუშაო ჯგუფებს: სახაზინო, საბიუჯეტო და შიდა აუდიტის მიმართულებით.

">