„რუსეთმა მოგვიწონა ჩვენი მცდელობა, რომ გამოვსწორდეთ“

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გამოეხმაურა. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ განცხადების ფორმა ქვეყნისთვის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელია. მისივე განცხადებით, რუსეთი ცდილობს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაში დაშვებული შეცდომები გამოიყენოს.

„ფორმას რაც შეეხება, არს აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი ქვეყნისთვის, შინაარსში ჩვენ ვხედავთ რუსეთის ძალიან ოსტატურ მცდელობას, გამოიყენოს ის შეცდომები, რომელიც პრემიერის მიმართვაში იყო ასახული. მან აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი უცებ გადაიტანა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოსთან პირდაპირ დიალოგში, ასე გაიგო, მოგვიწონა საერთოდ, რომ ბოლოს და ბოლოს გონს მოვედით და მივხვდით, რომ რუსეთს უნდა ველაპარაკოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისგან დარჩენილი საქართველო, ამ საქართველოსთან რუსეთი მზადაა ბევრი რამისთვის. მოგვიწონა, რომ თურმე მზად ვართ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც სახელმწიფოებს ორმხრივ ურთიერთობებში ჩავერთოთ, მიგვანიშნა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის თემაც რუსეთის მხრიდან მხოლოდ მწუხარებას იმსახურებს, მაგრამ ის მოსაგვარებელია ორ სახელმწიფოს, ანუ ცხინვალსა და თბილისს შორის ურთიერთობით და რუსეთმა აბა რა ქნას და გვითხრა, რომ ელის ჩვენი მხრიდან კონსტრუქციულობას ჟენევის პროცესში, ანუ საბოლოო ჯამში მან მოგვიწონა ჩვენი მცდელობა, რომ გამოვსწორდეთ“,-განაცხადა უსუფაშვილმა.