“რქაწითელი” შესაძლოა მარსზე მოიყვანონ

რქაწითელი” შესაძლოა პირველი ვაზის ჯიში გახდეს, რომელსაც მარსზე მოიყვანენ. ამის შესახებ საუბარია ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით – “თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე.”

ავტორი წერს, რომ მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა 2024 წლისთვის მარსზე ადამიანის მონაწილეობით პირველი ექსპედიციის გაგზავნა დაანონსა, საქართველოში მეცნიერები და აკადემიკოსები ყურძნის ისეთი ჯიშის შერჩევას შეუდგნენ, რომელიც წითელ პლანეტაზე არსებულ პირობებს გაუძლებს. ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად რქაწითელი სახელდება.

სტატიაში ასევე წერია, რომ პროექტის მონაწილეები თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში აპირებენ პირველი, ეგრეთ წოდებული ვერტიკალური ბაღის გახსნა, რადგან ვერტიკალური მებაღეობა მხოლოდ მინიმალურ დონეზე საჭიროებს ადამიანის ჩართულობასაც და მზის სინათლესაც. ავტორი იხსენებს, რომ მსგავსი პროექტი წარმატებით განხორციელდა პერუში, სადაც მარსზე არსებული გარემოს მსგავს პირობებში კარტოფილი მოიყვანეს.

">