„როგორც აღმოჩნდა, დეკანოზს უფრო მეტი ძალა აქვს ციხიდან, ვიდრე გარეთ მყოფებს“

დეკანოზ გიორგი მამალაძე მისმა ადვოკატმა ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, საზოგადოების თვალში დანაშაულის შემქმნელი სახელმწიფო პირები და ზოგიერთი სასულიერო პირი დღეს უფრო წაგებული არიან, ვიდრე დეკანოზი გიორგი მამალაძე. მისი განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზი გააგრძელებს ბრძოლას ციხიდან.

„მე ვფიქრობ, რომ წაგებული უფრო ისინი არიან და საზოგადოების თვალში როგორც დანაშაულის შემქმნელი სახელმწიფო პირები, ასევე ის რიგი სასულიერო პირები დღეს უფრო ბევრად წაგებულ პოზიციაში არიან, მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზი არის ციხეში და არა ისინი. დღევანდელი მიმდინარე პროცესები ამის ნათელი მაგალითია. აქედან გამომდინარე, არც ჩვენ და არც დეკანოზი არ გაჩერდება, როგორც აღმოჩნდა, დეკანოზს უფრო მეტი ძალა აქვს ციხიდან, ვიდრე გარეთ მყოფთ და შესაბამისად ის გააგრძელებს ციხიდან ბრძოლას“,-განაცხადა ფანცულაიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო.