„როდესაც შენს მხარეს არის სიმართლე და ჭეშმარიტება, არ არსებობს ძალა, რომელმაც შეიძლება დაგვამარცხოს“

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე დიდგორში, სადაც დიდგორობის დღესასწაული აღინიშნება, განცხადება გააკეთა.

„დავით აღმაშენებელმა ქართველ ერს ისეთი გამარჯვება მოუტანა, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა. მან ჩვენ გვაჩვენა, რომ როდესაც შენს მხარეს არის სიმართლე და ჭეშმარიტება, არ არსებობს ძალა, რომელმაც შეიძლება დაგვამარცხოს. ეს არის ის დიდი ემოცია, რომელიც ქართველ ერს დღემდე მოგვყვება, რომელმაც შეგვინარჩუნა ჩვენი იდენტობა და სახელმწიფოებრიობა.

ჩვენმა გმირებმა, რომლებიც ამ ველზე დაეცნენ, თავიანთი სისხლის ფასად ისეთი მყარი საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენ ვალდებულნი ვართ მასზე ავაშენოთ ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო.

დიდგორი არის გამარჯვებისა და ამავე დროს ერთიანობის სიმბოლო, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენთვის მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენი სიძლიერე, განვითარება არის ერთად დგომაში, ერთად ყოფნაში, საერთო მიზნის ქონაში.

დარწმუნებული ვარ, რომ სწორი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ მთავარ საწადელს, საწადელს, რომლითაც ცოცხლობდნენ ჩვენი წინაპრები და ეს იყო მათი მთავარი ამოცანა – საქართველო ყოფილიყო ძლიერი და განვითარებული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას და დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ამას აუცილებლად მივაღწევთ. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

/</a></iframe>