ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის და ყოფილი ვიცე-მერის სასამართლო პროცსი გადაიდო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა  26 თებერვლისთვის გადაიდო.

ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად ქრთამის აღება ედებათ. დაცვის მხარე არასაკმარის მტკიცებულებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ყოფილი მაღალჩინოსნები გაწირა.

მათთან ერთად, ასევე, განიხილება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიას საქმე და ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებული ხუტა ბაღათურიას საქმე.

სუს-მა გულორდავა და გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის ნოემბერში დააკავა. დაკავებამდე თითქმის ორი თვით ადრე, 13 სექტემბერს, ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის მერის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.

სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

">