„ქართული ოცნების“ წევრები გიორგი კვირიკაშვილს ხვდებიან

„ქართული ოცნების“ წევრები გიორგი კვირიკაშვილს ხვდებიან. განხილვის თემა სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე მისაღები რეზოლუცია იქნება. „ქართული ოცნების“ ოფისში დეპუტატების გარდა მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იკრიბებიან. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, შეხვედრის დღის წესრიგი მისთვის უცნობია.

„ჩვენ პერიოდულად ვიკრიბებით, ორი კვირის წინაც გვქონდა შეხვედრა უმრავლესობასთან და განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს. წინასწარ რომ დღის წესრიგი ვიცოდე, ასე ნამდვილად არ არის. კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და მართლაც გულწრფელად მჯერა, რომ მალე შევძლებთ, რომ მივაბაროთ მიწას. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა დღეს ამ თემაზე საუბარი, გამიჭირდება გითხრათ, რადგან დღის წესრიგი ჩემთვის უცნობია“,-განაცხადა სერგეენკომ.