ქალბატონმა ეკამ დაანონსა ყველაფრისთვის ნათელის მოფენა, ალბათ გუნდიც თავის პოზიციას გამოვა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარს თავს არიდებს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ ის უმრავლესობის გადაწყვეტილებასთან ერთად იმ ინფორმაციას ელოდება, რომლის გასაჯაროებასაც ეკა ბესელია აანონსებს.

კაკულია თვლის, რომ ის, როგორც გუნდში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისული პირი უფლებამოსილი არ არის პარტიის დამფუძნებელთა დაპირისპირებაში ჩაერიოს. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში გასამწესებელმოსამართლეთა სიის შესახებ მან საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა.

„მოსამართლეებთან დაკავშირებით მე ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ დავაფიქსირე რამდენიმეჯერ და ვთვლი, რომ სანამ ახლა არ მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც იქნება საერთო გადაწყვეტილება და კენჭისყრის თემა არ დადგება თქვენის ნებართვით, ყოველდღიურად ამის გამეორების პროცესში აღარ ვიქნები.

რაც შეეხება დაპირისპირებას იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დამფუძნებლები არიან „ ქართული ოცნების“ , მე ადამიანი, რომელიც 2016 წელს შემოვუერთდი ამ თემას, მაინც და მაინც დიდი აქტიურობით არ მინდა, რომ გამოვირჩეოდე ამ შეფასებებში.

აქაც იმედი მაქვს, რომ ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. ქალბატონმა ეკამ თვითონ ბრძანა, დააანონსა, როგორც ვიცი, ნათელისმოფენა ყველაფრისათვის ორშაბათს. ალბათ გუნდის მხრიდანაც, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მათსავით სათავეში ედგნენ „ქართული ოცნების“ შექმნის ინსტიტუტს, ისინიც თავის პოზიციას გამოვლენ და ჩვენ ერთად ჩამოვყალიბდებით,“-აცხადებს კაკულია.

">