ფულის გათეთრების სკანდალური სქემა – ოპოზიცია “ქართუ ბანკისგან” პასუხს ითხოვს და საგამოძიებო უწყებებს მიმართავს

„ქართუ ბანკი“ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა – „ნაციონალური მოძრაობა“ სამართალდამცველი უწყებებისგან ფულის გათეთრების სავარაუდო სქემის შესწავლას ითხოვს.

საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს რა კავშირი ჰქონდა მმართველი გუნდის დეპუტატ, შოთა შალელაშვილს და მის შვილს გარი შალონს “ქართუ ბანკთან.“

საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც, დეპუტატის შვილი  ამერიკული ბანკიდან მოპარულ ფულს, სწორედ „ქართუ ბანკში“ ინახავდა. საბოლოოდ დეპუტატის ძებნილი შვილის ანგარიშები ამერიკის პროკურატურამ დააყადაღა, თუმცა მანამდე, გარი შალონმა მოასწრო და “ქართუ ბანკისგან“ მრავალმილიონიანი ქონებაც შეიძინა. სწორედ ამიტომ ვარაუდობს, ოპოზიცია, რომ ადგილი ჰქონდა ფულის გათეთრების კლასიკურ, მასშტაბურ სქემას.

„შაბათის კურიერში“ გასული სკანდალური სიუჟეტის შემდეგ ხაბეიშვილმა დღეს პროკურატურას მიმართა და  „ქართუ ბანკში“  განცხადება შეიტანა. ხაბეიშვილი “ქართუ ბანკისგან” ითხოვს პასუხს, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ გარი შალონიაშშ-ში ძებნილი იყო.

“საქმე გვაქვს ფულის კლასიკურ გათეთრებასთან. შესაბამისად, ბანკმა საჯაროდ უნდა გაგვცეს პასუხი მაშინ როდესაც ამ ტრანზაქციას ახორციელებდა იყო თუ არა საქმის კურსში, რომ აშშ-ში ამ კონკრეტულ ადამიანზე იყო სისხლის სამართლებრივი დევნა და მონაწილეობა მიიღო თუ არა, ათობით მილიონობით ლარის გათეთრებაში.

გარდა ამისა, რომ ჩვენ ბანკისგან ვითხოვთ პასუხს, ასევე საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებთ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე და საქმე ეხება ათობით მილიონი ლარის გათეთრებას,”-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, თუკი „ქართუ ბანკში” განაცხადებენ, რომ არ იყვნენ ინფორმირებულები გარი შალელაშვილის ძებნილობის შესახებ, მაშინ გაჩნდება შემდეგი კითხვა – “ქართუმ” უნდა განმარტოს,  გარი შალელაშვილის დაკავების შემდეგ, აცნობა თუ არა ეროვნულ ბანკს, რომ გარი შალონმა სწორედ საეჭვო პერიოდში განახორციელა აღნიშნული ტრანზაქცია და ქობულეთში 6 მილიონად მიწის ნაკვეთი იყიდა.

“შაბათის კურიერში” გასული რეპორტაჟის მიხედვით, არსებობს ვარაუდი, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატის, შოთა შალელაშვილის შვილი, “ქართუ ბანკში” ამერიკული ბანკიდან მოპარულ ფულს ინახავდა.

2014 წელს „ქართუ ბანკისგან“, შალელაშვილებმა თითქმის, 6 მილიონ დოლარად მიწა და სასტუმრო შეიძინეს. გარი შალელაშვილის ამერიკაში ასობით მილიონი დოლარის მოპარვის ბრალდებით დაკავების შემდეგ კი მან ეს უძრავი ქონება დედას აჩუქა.

არსებობს ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ოჯახმა ბიძინა ივანიშვილის ბანკის დახმარებით ჯერ ფული გაათეთრა, შემდეგ კი შეძენილი ქონება გადამალა.

">