პროკურატურა ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„რაც შეეხება ჩანაწერს, რა თქმა უნდა გამოძიება ამ ჩანაწერით დაინტერესდება. რამდენიმე დღის წინ და დღეს გავრცელებული ჩანაწერები ერთიან კონტექსტში განიხილება. ამასთან, მედიასაშუალებებში უკვე გავრცელებული ჩანაწერები გამოთხოვილია ტელევიზიებიდან. რაც შეეხება გამოკითხვებზე დაბარებას, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი გამოკითხვაზე არიან გამოძახებული. ლევან ყიფიანი, რომელიც ამჟამად თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში, ხოლო ზაზა ოქუაშვილმა გამოთქვა მზად ყოფნა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როგორც კი თბილისში დაბრუნდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

12 სექტემბერს პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, შესაძლო თაღლითობის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საუბარია სატელეფონო ჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი (2012-2015 წლებში) ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ელაპარაკება. საუბარში ბიძინა ივანიშვილის ნათესავის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სახელიც ფიგურირებს, რომელიც თითქოს „ომეგა ჯგუფის“ პრობლემებს აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა. უჩა მამაცაშვილმა ბრალდება უარყო და პროკურატურას საქმის გამოძიების დაწყება სთხოვა.

ჩანაწერი ტელეკომპანია „იბერიამ“ გამოაქვეყნა, რომლის მფლობელიც „ომეგა ჯგუფია“. არხი, ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.

“იბერიისა” და “ომეგა ჯგუფის” თემას 12 სექტემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური სანქციების დაწესებისგან მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას. ბახტაძის თქმით, უწყებებმა კომპანია 11-ჯერ გააფრთხილეს, თუმცა ამის შემდეგ ვალი კიდევ უფრო გაიზარდა.

დღეს სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიცია დატოვა.

წყარო:„ინტერპრესნიუსი“.