პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების აქტის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე 28 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფება. ისინი ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების კომისიის მორატორიუმთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებს წარადგენენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და იქნება მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება დაიხვეწოს შეწყალების მექანიზმი.

„პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და დროებით ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით შეწყალების აქტი აღარ გამოიცემა. ჩვენ ამ პერიოდს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, იმისთვის, რომ გვქონდეს ფართო კონსულტაციები პროფესიულ ჯგუფებთან, ადამიანებთან, რომლებიც ამ თემებზე ინტენსიურად მუშაობენ და ფლობენ კონკრეტულ ცოდნას, გამოცდილებას და დაეხმარებიან შეწყალების კომისიას, რომ გაძლიერდეს ეს ინსტიტუცია, რათა ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში საკითხების განხილვის სტანდარტი მაქსიმალურად მაღალი იყოს. საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ გარკვეული დროით ადამიანების იზოლაცია მოხდება ციხეში და ამით პრობლემები აღმოიფხვრება, ამ მიდგომით ძალიან შორს ვერ წავა სახელმწიფო. სახელმწიფოს სჭირდება მანამდეც და შემდგომაც ძალიან კარგად გააზრებული კომპლექსური მიდგომები დანაშაულის პრევენციისთვის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ შეწყალების კომისია ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისში ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. გაირკვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ოჯახური ძალადობისთვის ადრეც იხდიდა სასჯელს, თუმცა ის პრეზიდენტმა შეიწყალა, სასჯელი გაუნახევრა და საპატიმრო 2017 წლის მაისში დატოვა.

">