პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს.

შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედია რამდენიმე დღის განმავლობაში წერდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებდნენ. არსებობდა დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას, 12 ივნისს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ გააკეთებდა. თუმცა როგორც პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, მათ შეხვედრაზე Unicef-ის კვლევა განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესაძლებლობაზე ბოლოს ორი კვირის წინ, რუსთაველის გამზირზე, მოკლული მოზარდების საქმის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ილაპარაკა. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სკამს მისთვის ფასი არ აქვს, თუმცა გადადგება თუკი ამის აუცილებლობას დაინახავს.

საქართველოს კანონმდებლობით, პრემიერმინისტრის გადადგომით მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილებაც წყდება. პროცედურის თანახმად, პრეზიდენტი ფორმალურად წამოაყენებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერობის კანდიდატს, რომელიც ამის შემდეგ შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, რისთვისაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუცით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

გიორგი კვირიკაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბერში დაასახელა. მანამდე ის „ოცნების“ ხელისუფლების ჯერ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი იყო. მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა. მოგვიანებით კვირიკაშვილმა თქვა, რომ ამ პოსტზე მისი კანდიდატურის წამოყენება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო.

50 წლის გიორგი კვირიკაშვილის კარიერის დიდი ნაწილი საფინანსო და საბანკო სექტორებში საქმიანობას უკავშირდება. 2012 წელს ივანიშვილის კოალიციასთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლამდე ის პოლიტიკაში ერთხელ უკვე იყო. 1999–2004 წლებში პარლამენტში „ახალი მემერჯვენეების“ წევრი გახლდათ და პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2006–2011 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ხელმძღვანელობდა.