პრემიერის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს დელეგაცია, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტისომხეთის რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის მეთაურის საპატივცემულოდ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. აეროპორტში გიორგი კვირიკაშვილს სომეხი კოლეგა, კარენ კარაპეტიანი დახვდა. ქართულ დელეგაციას საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმინისტრი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს, კარენ კარაპეტიანს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიზიტის მიმდინარეობისას, გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი არიან.

">